სამომხმარებლო შეთანხმება
წინამდებარე ვებ-გვერდის (https://ulcterminal.ge/) გამოყენება რეგულირდება შპს „იუ ელ სი ტერმინალ” (ს/კ 406351406, მისამართი: ქ. თბილისი) მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს ვებ-გვერდის და მასზე განთავსებული სერვისების გამოყენების პირობებს. ვებ-გვერდზე სტუმრობით, რეგისტრაციით, ან მასზე გამოქვეყნებული სერვისების გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით მითითებულ ყველა დანაწესს.
1. ტერმინთა განმარტებანი
„პორტალი” — შპს „იუ ელ სი ტერმინალ”-ის მფლობელობაში არსებული ვებ-გვერდი (https://ulcterminal.ge/) და მასთან დაკავშირებული ონლაინ სერვისები.
„მმართველი კომპანია” — შპს „იუ ელ სი ტერმინალ” (ს/კ 406351406, მისამართი: ქ. თბილისი).
„მომხმარებელი” / „დამკვეთი” — პირი, რომელიც რეგისტრირდება პორტალზე და სარგებლობს მმართველი კომპანიის მომსახურებით. დამკვეთი შეიძლება იყოს:
ფიზიკური პირი — საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საკუთარი სახელით ან სხვა პირის დავალებით მოითხოვს ტრანზიტის დეკლარაციის შევსებას;
იურიდიული პირი — საქართველოში ან უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანია (მათ შორის გადამზიდავი კომპანია), რომელიც მოითხოვს ტრანზიტის დეკლარაციის შევსებას;
ბროკერი / შუამავალი — ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს სხვა პირის სახელით და ინტერესებში, და კოორდინაციას უწევს ტრანზიტის პროცედურას.
„მინდობილი პირი” — დამკვეთის მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც დამკვეთის სახელით წარადგენს დოკუმენტაციას და/ან იღებს მომსახურებას. მინდობილი პირის მოქმედება ითვლება დამკვეთის მოქმედებად და დამკვეთი სრულად აგებს პასუხს მინდობილი პირის ქმედებებზე.
„მომსახურება” — ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემაში (NCTS) ტრანზიტის დეკლარაციის შევსება, წარდგენა და მასთან დაკავშირებული ყველა მომსახურება, მათ შორის საბროკერო მომსახურება.
„დოკუმენტაცია” — მომხმარებლის მიერ პორტალზე ატვირთული ან მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა ტრანზიტული დეკლარაციის შესავსებად.
„ტრანზიტული დეკლარაცია” — საბაჟო დოკუმენტი, რომელიც ივსება მომხმარებლის ან მომხმარებლის მინდობილი პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
2. მომსახურების აღწერა
2.1. მმართველი კომპანია პორტალის მეშვეობით მომხმარებელს სთავაზობს ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემაში (NCTS) ტრანზიტის დეკლარაციის და მასთან დაკავშირებული საბროკერო მომსახურების შევსების სერვისს.
2.2. მომსახურების მისაღებად მომხმარებელი ან/და მის ნდობით აღჭურვილი პირი ატვირთავს პორტალზე ან მატერიალური ფორმით მოახდენს დოკუმენტაციის წარდგენას, ხოლო მმართველი კომპანია, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ავსებს ტრანზიტის დეკლარაციას.
2.3. სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, დეკლარაციის შევსების ვადა შეადგენს საშუალოდ 15-20 წუთს.
2.4. არასრულყოფილი ან არასწორი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, მომსახურების ვადა შესაძლოა გაიზარდოს ან მომსახურება შეჩერდეს დოკუმენტაციის სრულყოფამდე.
2.5. შეკვეთის დადასტურების მექანიზმი:
შეკვეთა მიღებულად ითვლება მომსახურების საფასურის სრულად გადახდის მომენტიდან, რის შემდეგაც მმართველი კომპანია იწყებს დეკლარაციის შევსებას;
კონსიგნაციის (გადავადებული გადახდის) შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, შეკვეთა მიღებულად ითვლება დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენისა და მმართველი კომპანიის მიერ შეკვეთის დადასტურების მომენტიდან;
მმართველ კომპანიას უფლება აქვს ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გაათავისუფლოს მომხმარებელი წინასწარი გადახდის ვალდებულებისგან ან შეუმციროს მომსახურების საფასური, რაც არ წარმოშობს პრეცედენტს და არ ავალდებულებს მმართველ კომპანიას მომავალში ანალოგიური შეღავათის გაწევაზე.
2.6. მომსახურების ხარისხის სტანდარტი:
მმართველი კომპანია ვალდებულია დეკლარაცია შეავსოს პროფესიონალური სტანდარტებით, გონივრული სიზუსტით და კეთილსინდისიერად;
მმართველი კომპანია უზრუნველყოფს, რომ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაცია ზუსტად შეესაბამებოდეს მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასა და პორტალზე მითითებულ ინფორმაციას.
მმართველი კომპანია იღებს ვალდებულებას დეკლარაციის შევსებისას დაიცვას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის და NCTS სისტემის მოთხოვნები;
ტექნიკური შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია მმართველი კომპანიის დაუდევრობით, მმართველი კომპანია ვალდებულია უსასყიდლოდ გამოასწოროს შეცდომა, თუ ეს შესაძლებელია საბაჟო პროცედურების ფარგლებში.
2.7. მომხმარებელთა კატეგორიები:
მმართველ კომპანიას უფლება აქვს შემოიღოს მომხმარებელთა კატეგორიები განსხვავებული პირობებით, ფასდაკლებებით ან პრივილეგიებით;
კატეგორიის მინიჭება ხდება ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, როგორიცაა თანამშრომლობის ხანგრძლივობა, შეკვეთების რაოდენობა, გადახდის დისციპლინა და სხვა;
კატეგორიების პირობები და კრიტერიუმები განთავსდება პორტალზე ან ეცნობება მომხმარებელს ინდივიდუალურად;
მმართველ კომპანიას უფლება აქვს შეცვალოს მომხმარებლის კატეგორია (როგორც აწიოს, ისე დაწიოს) კრიტერიუმების შესაბამისად, მომხმარებლის წინასწარი შეტყობინებით.
3. მომხმარებლის ვალდებულებები
3.1. მომხმარებელი ვალდებულია:
წარმოადგინოს ზუსტი, სრული და უტყუარი დოკუმენტაცია;
უზრუნველყოს ატვირთული დოკუმენტების კითხვადობა და სიცხადე;
დროულად უპასუხოს მმართველი კომპანიის მოთხოვნას დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის წარმოდგენის შესახებ;
გადაიხადოს მომსახურების საფასური დადგენილ ვადაში;
არ გამოიყენოს პორტალი არაკანონიერი მიზნებისთვის.
3.2. მომხმარებლის მიერ მითითებული/ატვირთული ინფორმაცია არ უნდა:
იყოს მცდარი, არაზუსტი ან შეცდომაში შემყვანი;
ემსახურებოდეს თაღლითობას ან უკანონო საქმიანობას;
არღვევდეს მესამე პირის უფლებებს;
შეიცავდეს კონფიდენციალურ ინფორმაციას მესამე პირის თანხმობის გარეშე;
არღვევდეს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
3.3. მომხმარებელი სრულად არის პასუხისმგებელი წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის სისწორეზე, სისრულეზე და კანონიერებაზე. მომხმარებელი ვალდებულია დამოუკიდებლად უზრუნველყოს:
ტვირთის კანონიერების დადასტურება;
სანქცირებული, აკრძალული ან შეზღუდული ტვირთების იდენტიფიცირება და გამორიცხვა;
საერთაშორისო და ეროვნული სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის შემოწმება;
ტვირთის წარმოშობის, დანიშნულებისა და მფლობელობის კანონიერების დადასტურება.
3.4. მმართველი კომპანია არ ახორციელებს ტვირთის, გამგზავნის, მიმღების ან სხვა მხარეების სანქციებთან შესაბამისობის შემოწმებას (Sanctions Screening). აღნიშნული შემოწმების განხორციელება წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლის ვალდებულებას.
3.5. მმართველი კომპანიის უფლება მომსახურებაზე უარის თქმაზე:
მმართველ კომპანიას უფლება აქვს უარი თქვას მომსახურების გაწევაზე ან შეაჩეროს მიმდინარე მომსახურება შემდეგ შემთხვევებში:
არასრული, არასწორი ან საეჭვო დოკუმენტაციის წარდგენისას;
სანქცირებული, აკრძალული ან შეზღუდული ტვირთის ეჭვის არსებობისას;
მომხმარებლის მიერ წინამდებარე წესების დარღვევისას;
მომხმარებლის მიერ გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისას;
ნებისმიერი სხვა გარემოების არსებობისას, რომელიც მმართველი კომპანიის შეფასებით საფრთხეს უქმნის კომპანიის რეპუტაციას, ფინანსურ მდგომარეობას ან კანონთან შესაბამისობას.
მომსახურებაზე უარის თქმის შემთხვევაში მმართველი კომპანია არ არის ვალდებული დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.
მომსახურებაზე უარის თქმა არ წარმოშობს მმართველი კომპანიის პასუხისმგებლობას მომხმარებლის წინაშე.
3.6. დამკვეთის და დამკვეთის მინდობილი პირის პასუხისმგებლობა ტრანზიტის დასრულებაზე:
მომხმარებელი (დამკვეთი) და/ან მისი მინდობილი პირი, რომელიც მოქმედებს დამკვეთის სახელით, სრულად არის პასუხისმგებელი:
დეკლარაციაში გაცხადებული მარშრუტის ზედმიწევნით დაცვაზე — ტვირთის გადაადგილება უნდა განხორციელდეს მხოლოდ დეკლარაციაში მითითებული მარშრუტით, გამავლობის პუნქტებითა და დანიშნულების ადგილით;
დეკლარაციაში მითითებული ვადების მკაცრად დაცვაზე — ტვირთი უნდა წარედგინოს დანიშნულების საბაჟო ორგანოს დეკლარაციაში განსაზღვრულ ვადაში;
ტრანზიტის პროცედურის დროულ და სრულყოფილ დასრულებაზე — დამკვეთი/მინდობილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს ტვირთის დანიშნულების პუნქტში მიტანა და ტრანზიტის პროცედურის დახურვა;
გახსნილი გარანტიის დროულ დახურვაზე — დამკვეთი/მინდობილი პირი მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული პროცესში, რათა უზრუნველყოს გარანტიის დროული გათავისუფლება;
ტვირთის მთლიანობისა და ლუქების დაცვაზე — ტრანზიტის პერიოდში ტვირთი და საბაჟო ლუქები უნდა შენარჩუნდეს ხელუხლებლად;
საბაჟო ორგანოებთან თანამშრომლობაზე — დანიშნულების საბაჟოზე ტვირთის წარდგენისას ყველა საჭირო პროცედურის დაცვაზე.
3.7. გარანტიის დახურვის ვალდებულება:
დამკვეთი/მინდობილი პირი აცნობიერებს, რომ ტრანზიტის დეკლარაციის წარდგენისას მმართველი კომპანია ან მისი პარტნიორი გასცემს ფინანსურ გარანტიას;
დამკვეთი/მინდობილი პირი ვალდებულია მაქსიმალური ჩართულობით უზრუნველყოს ტრანზიტის პროცედურის დასრულება დეკლარაციაში მითითებულ ვადაში, რათა გარანტია დროულად გათავისუფლდეს;
დეკლარაციაში მითითებული ვადის დარღვევის, მარშრუტიდან გადახვევის, ან ტრანზიტის პროცედურის არასრულყოფილად დასრულების შემთხვევაში, დამკვეთი/მინდობილი პირი სრულად აგებს პასუხს ყველა შედეგზე, მათ შორის:
გარანტიის ამოქმედებაზე და მასთან დაკავშირებულ ფინანსურ ვალდებულებებზე;
საბაჟო ორგანოების მიერ დაკისრებულ ჯარიმებსა და სანქციებზე;
ტვირთის კონფისკაციაზე ან დაკავებაზე;
მმართველი კომპანიისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზარალზე.
3.8. მმართველი კომპანიის როლის შეზღუდვა:
მმართველი კომპანიის მომსახურება მოიცავს მხოლოდ ტრანზიტის დეკლარაციის შევსებასა და საბაჟო ორგანოსთვის წარდგენას;
დეკლარაციის წარდგენის შემდეგ ტრანზიტის პროცედურის წარმატებით დასრულების პასუხისმგებლობა მთლიანად გადადის დამკვეთზე/მინდობილ პირზე;
მმართველი კომპანია არ არის პასუხისმგებელი ტვირთის ფაქტობრივ გადაადგილებაზე, მარშრუტის დაცვაზე, ვადების შესრულებაზე ან ტრანზიტის პროცედურის დახურვაზე;
ტრანზიტის პროცედურის დასრულებამდე წარმოქმნილი ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტა წარმოადგენს დამკვეთის/მინდობილი პირის ვალდებულებას.
3.9. არაკეთილსინდისიერი მომხმარებლის პასუხისმგებლობა:
მომხმარებლის მიერ განზრახ ან დაუდევრობით არასწორი, არასრული ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, მომხმარებელი სრულად აგებს პასუხს ყველა შედეგზე, მათ შორის ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე;
მომხმარებელი ვალდებულია მმართველ კომპანიას აუნაზღაუროს ყველა პირდაპირი და არაპირდაპირი ზარალი, ჯარიმა, სანქცია, იურიდიული ხარჯი და სხვა ხარჯი, რომელიც წარმოიშვება მომხმარებლის მიერ არასწორი ინფორმაციის წარდგენის, სანქცირებული ტვირთის დეკლარირების ან კანონმდებლობის დარღვევის შედეგად;
მმართველ კომპანიას უფლება აქვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მომსახურება და დაბლოკოს მომხმარებლის ანგარიში ნებისმიერი საეჭვო ან უკანონო საქმიანობის ეჭვის შემთხვევაში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე;
მმართველ კომპანიას უფლება აქვს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს სამართალდამცავ და საბაჟო ორგანოებს.
3.10. მესამე პირის (ტვირთის ბენეფიციარის) პასუხისმგებლობა:
დამკვეთის (ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, ბროკერის/შუამავლის) მიუხედავად, ტრანზიტის პროცედურით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, საბოლოო ფინანსური პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს ტვირთის რეალურ ბენეფიციარს — ექსპორტიორს ან იმპორტიორს, ინვოისში მითითებული მიწოდების პირობის (Incoterms) შესაბამისად:
ა) იმპორტიორის/მყიდველის პასუხისმგებლობა — თუ ინვოისში მითითებულია შემდეგი მიწოდების პირობები: - EXW (Ex Works) - FCA (Free Carrier) - FAS (Free Alongside Ship) - FOB (Free On Board) - და სხვა „E” და „F” ჯგუფის პირობები, სადაც რისკი მყიდველზე გადადის გამგზავნის ქვეყანაში.
ბ) ექსპორტიორის/გამყიდველის პასუხისმგებლობა — თუ ინვოისში მითითებულია შემდეგი მიწოდების პირობები: - CFR (Cost and Freight) - CIF (Cost, Insurance and Freight) - CPT (Carriage Paid To) - CIP (Carriage and Insurance Paid To) - DAP (Delivered at Place) - DPU (Delivered at Place Unloaded) - DDP (Delivered Duty Paid) - და სხვა „C” და „D” ჯგუფის პირობები, სადაც რისკი გამყიდველზე რჩება დანიშნულების ადგილამდე.
3.11. სოლიდარული პასუხისმგებლობა:
დამკვეთი (მძღოლი, გადამზიდავი, ბროკერი) და ტვირთის ბენეფიციარი (ექსპორტიორი ან იმპორტიორი) სოლიდარულად აგებენ პასუხს ტრანზიტის პროცედურის დარღვევით გამოწვეულ ზარალზე;
მმართველ კომპანიას უფლება აქვს მოთხოვნა წარუდგინოს როგორც დამკვეთს, ისე ტვირთის ბენეფიციარს, ან ორივეს ერთდროულად, საკუთარი შეხედულებისამებრ;
მოთხოვნის ერთ-ერთი მხარისგან სრულად დაკმაყოფილება ათავისუფლებს მეორე მხარეს მმართველი კომპანიის წინაშე არსებული ვალდებულებისგან.
3.12. დამკვეთის ვალდებულება ბენეფიციარის ინფორმირებაზე:
დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ტვირთის ბენეფიციარმა (ექსპორტიორმა ან იმპორტიორმა) იცოდეს წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული პასუხისმგებლობის შესახებ;
დამკვეთი ადასტურებს, რომ მას აქვს უფლებამოსილება იმოქმედოს ტვირთის ბენეფიციარის სახელით და ბენეფიციარი თანახმაა ტრანზიტის პროცედურის განხორციელებაზე;
ბენეფიციარის არაინფორმირებულობა არ ათავისუფლებს დამკვეთს პასუხისმგებლობისგან.
4. მმართველი კომპანიის ვალდებულებები
4.1. მმართველი კომპანია ვალდებულია:
მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და პორტალზე მითითებული ინფორმაციის საფუძველზე შეავსოს ტრანზიტული დეკლარაცია კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად;
უზრუნველყოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების და დოკუმენტაციის კონფიდენციალურობა;
დროულად აცნობოს მომხმარებელს დოკუმენტაციის ხარვეზების შესახებ;
უზრუნველყოს პორტალის გამართული ფუნქციონირება.
5. მომსახურების საფასური და გადახდა
5.1. მომსახურების საფასური განისაზღვრება დოკუმენტაციის სირთულისა და დოკუმენტაციაში მითითებული ტვირთის ღირებულების გათვალისწინებით.
5.2. კონკრეტული მომსახურების საფასური ეცნობება მომხმარებელს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენისას, დეკლარაციის შევსებამდე.
5.3. გადახდა შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:
საბანკო ბარათით (პორტალის მეშვეობით);
საბანკო გადარიცხვით;
ნაღდი ანგარიშსწორებით.
5.4. მომსახურება მიღებულად ითვლება ტრანზიტის დეკლარაციის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის შემდეგ.
5.5. მმართველი კომპანია არ ფლობს და არ ინახავს მომხმარებლის საბანკო ბარათის სრულ მონაცემებს (ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა, CVV კოდი). გადახდა ხორციელდება უსაფრთხო საგადახდო სისტემის მეშვეობით.
6. თანხის დაბრუნება და მომსახურების გაუქმება
6.1. მომხმარებელს უფლება აქვს გააუქმოს მომსახურების მოთხოვნა დეკლარაციის შევსების დაწყებამდე. ამ შემთხვევაში გადახდილი თანხა სრულად უბრუნდება მომხმარებელს.
6.2. დეკლარაციის შევსების დაწყების შემდეგ მომსახურების გაუქმების შემთხვევაში, თანხის დაბრუნების საკითხი განიხილება ინდივიდუალურად, შესრულებული სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით.
6.3. თუ მომსახურების გაწევა შეუძლებელია მმართველი კომპანიის ბრალით, გადახდილი თანხა სრულად უბრუნდება მომხმარებელს.
6.4. თუ მომსახურების გაწევა შეუძლებელია მომხმარებლის მიერ არასწორი/არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის გამო და მომხმარებელი უარს აცხადებს დოკუმენტაციის შესწორებაზე, თანხის დაბრუნების საკითხი განიხილება ინდივიდუალურად.
7. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
7.1. მმართველი კომპანია პასუხისმგებელია მხოლოდ დეკლარაციაში ტექნიკური შეცდომების თავიდან აცილებაზე, იმ ფარგლებში, რაც შესაძლებელია მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
7.2. მმართველი კომპანია კატეგორიულად არ არის პასუხისმგებელი:
მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, ინფორმაციის ან მონაცემების სისწორეზე, სისრულეზე, უტყუარობასა და კანონიერებაზე;
ტვირთის, საქონლის, გამგზავნის, მიმღების ან ნებისმიერი სხვა მხარის სანქციებთან შესაბამისობაზე — სანქცირებული ტვირთების, პირების ან ქვეყნების იდენტიფიცირება არ წარმოადგენს მმართველი კომპანიის ვალდებულებას და მთლიანად ეკისრება მომხმარებელს;
აკრძალული, შეზღუდული ან სანქცირებული საქონლის დეკლარირებით გამოწვეულ ნებისმიერ შედეგზე;
მომხმარებლის მიერ არასწორი, არასრული ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წარმოდგენით გამოწვეულ ზიანზე, ჯარიმაზე ან სანქციაზე;
საბაჟო ორგანოების, სამართალდამცავი ორგანოების ან სხვა კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილებებზე და მოქმედებებზე;
ტვირთის დაყოვნებაზე, დაკარგვაზე, დაზიანებაზე ან კონფისკაციაზე;
მესამე პირების (მათ შორის გადამზიდავების, საწყობების, სხვა საბროკერო კომპანიების) ქმედებებზე ან უმოქმედობაზე;
ფორსმაჟორულ გარემოებებზე;
საერთაშორისო ან ეროვნული სანქციების რეჟიმების დარღვევით გამოწვეულ შედეგებზე.
7.3. მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ:
მმართველი კომპანია მოქმედებს მხოლოდ მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე და არ ახორციელებს დამოუკიდებელ შემოწმებას;
დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს, როგორც ინფორმაციის წყაროს;
მმართველი კომპანიის მომსახურება შემოიფარგლება დეკლარაციის ტექნიკური შევსებითა და წარდგენით, და არ მოიცავს იურიდიულ კონსულტაციას, სანქციების შემოწმებას ან ტვირთის კანონიერების დადასტურებას.
7.4. მმართველი კომპანიის მაქსიმალური ფინანსური პასუხისმგებლობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდება მმართველი კომპანიის ბრალი, შემოიფარგლება მომხმარებლის მიერ კონკრეტულ მომსახურებაზე გადახდილი თანხის ოდენობით და არავითარ შემთხვევაში არ აღემატება 500 (ხუთას) ლარს.
7.5. მმართველი კომპანია არ იძლევა გარანტიას პორტალის უწყვეტ და შეცდომების გარეშე მუშაობაზე. ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში კომპანია მაქსიმალურად სწრაფად იზრუნებს მის აღმოფხვრაზე.
7.6. მომხმარებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას მმართველი კომპანია (indemnification) ნებისმიერი მოთხოვნის, სარჩელის, ჯარიმის, სანქციის, ზარალის ან ხარჯისგან, რომელიც წარმოიშვება მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის არასისწორის, სანქცირებული ტვირთის დეკლარირების ან კანონმდებლობის დარღვევის შედეგად.
8. მომხმარებლის ასაკი და ქმედუნარიანობა
8.1. პორტალით სარგებლობისთვის მომხმარებლის ასაკი უნდა შეადგენდეს ან აღემატებოდეს 18 წელს, წინააღმდეგ შემთხვევაში საჭიროა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
8.2. წინამდებარე წესებზე დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
წარმოადგენს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან ფიზიკურ პირს, ან გააჩნია კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, ან წარმოადგენს უფლებამოსილ იურიდიულ პირს;
სრულად აცნობიერებს წინამდებარე წესებისა და პირობების არსს და მათგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის ზუსტი და უტყუარი.
9. რეგისტრაცია და ანგარიშის უსაფრთხოება
9.1. პორტალზე რეგისტრაცია უფასოა.
9.2. რეგისტრაციისთვის მომხმარებელმა უნდა მიუთითოს მოთხოვნილი პერსონალური მონაცემები და შექმნას პაროლი.
9.3. რეგისტრაცია მმართველი კომპანიის დახმარებით:
მომხმარებელს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია მმართველი კომპანიის თანამშრომლის დახმარებით, სიტყვიერი დავალების საფუძველზე;
ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი სიტყვიერად აწვდის მმართველი კომპანიის თანამშრომელს რეგისტრაციისთვის საჭირო მონაცემებს, ხოლო თანამშრომელი მომხმარებლის სახელით ახორციელებს რეგისტრაციას;
მმართველი კომპანიის დახმარებით რეგისტრაციის შემთხვევაში, მომხმარებელი სრულად აგებს პასუხს მის მიერ მოწოდებული მონაცემების სისწორეზე;
მმართველი კომპანიის დახმარებით განხორციელებული რეგისტრაცია ითვლება მომხმარებლის მიერ განხორციელებულ რეგისტრაციად და მომხმარებელი ადასტურებს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას;
მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციის შემდეგ შეამოწმოს თავისი ანგარიშის მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს მათი შესწორება.
9.4. მომხმარებელი პასუხისმგებელია თავისი პაროლის კონფიდენციალურობის დაცვაზე და ვალდებულია არ გადასცეს იგი მესამე პირებს.
9.5. მომხმარებელი პასუხისმგებელია თავისი ანგარიშიდან განხორციელებულ ყველა მოქმედებაზე, მათ შორის მესამე პირების მიერ ანგარიშის უნებართვო გამოყენების შემთხვევაშიც.
9.6. უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ეჭვის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მმართველ კომპანიას.
9.7. მმართველ კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის ანგარიში წინამდებარე წესების დარღვევის, საეჭვო აქტივობის ან უსაფრთხოების მოსაზრებებით.
10. პერსონალური მონაცემების დაცვა
10.1. მმართველი კომპანია მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
10.2. მომხმარებლის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია და პერსონალური მონაცემები გამოიყენება მხოლოდ მომსახურების გაწევის მიზნით.
10.3. მმართველი კომპანია არ გადასცემს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი შემთხვევებისა (მაგ.: საბაჟო ორგანოებთან ურთიერთობა).
10.4. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოს მათი შესწორება ან წაშლა კანონით დადგენილ ფარგლებში.
10.5. დოკუმენტაციის შენახვის ვადა:
მმართველი კომპანია მომხმარებლის დოკუმენტაციას და პერსონალურ მონაცემებს ინახავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადით;
საბაჟო და საგადასახადო დოკუმენტაცია ინახება არანაკლებ 3 (სამი) წლის განმავლობაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;
ბუღალტრული დოკუმენტაცია ინახება არანაკლებ 3 (სამი) წლის განმავლობაში;
შენახვის ვადის გასვლის შემდეგ დოკუმენტაცია განადგურდება ან წაიშლება უსაფრთხო მეთოდით;
მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მონაცემების წაშლა შენახვის სავალდებულო ვადის გასვლის შემდეგ.
11. ინტელექტუალური საკუთრება
11.1. საავტორო უფლებები:
პორტალზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება შპს „იუ ელ სი ტერმინალ”-ის საავტორო უფლება;
საავტორო უფლებით დაცულია პორტალის ყველა ელემენტი, მათ შორის: ტექსტები, გრაფიკა, ლოგო, პიქტოგრამები, სურათები, ვიდეო და აუდიო მასალები, პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა ბაზები, ინტერფეისის დიზაინი და სტრუქტურა;
პორტალზე განთავსებული მასალების შექმნის, შედგენის და ორგანიზების მეთოდი წარმოადგენს მმართველი კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას.
11.2. სასაქონლო ნიშნები და ბრენდინგი:
„იუ ელ სი ტერმინალ”, „ULC Terminal”, პორტალის ლოგო და სხვა სასაქონლო ნიშნები, სახელწოდებები, სლოგანები და ბრენდინგის ელემენტები წარმოადგენს მმართველი კომპანიის საკუთრებას;
აღნიშნული სასაქონლო ნიშნების გამოყენება ნებისმიერი ფორმით (მათ შორის მეტა-თეგებში, საძიებო სისტემებში, რეკლამაში, დომენის სახელებში) აკრძალულია მმართველი კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე.
11.3. აკრძალული მოქმედებები:
მომხმარებელს და ნებისმიერ მესამე პირს ეკრძალება:
პორტალის შინაარსის მთლიანად ან ნაწილობრივ კოპირება, რეპროდუცირება, გავრცელება ან გამოქვეყნება;
პორტალის მასალების მოდიფიცირება, ადაპტირება, თარგმნა ან ნაწარმოებ ნამუშევრების შექმნა;
პორტალის შინაარსის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება;
პორტალის მასალების სოციალურ მედიაში, ვებ-გვერდებზე ან სხვა პლატფორმებზე გავრცელება ატრიბუციის გარეშე ან მმართველი კომპანიის თანხმობის გარეშე;
პორტალის მონაცემების ავტომატური შეგროვება (scraping, data mining, crawling);
პორტალის დიზაინის, ინტერფეისის ან ფუნქციონალის კოპირება ან იმიტაცია;
მმართველი კომპანიის სასაქონლო ნიშნების გამოყენება იმგვარად, რომ შექმნას შეცდომაში შემყვანი ასოციაცია ან მომხმარებელთა დაბნეულობა.
11.4. დაშვებული გამოყენება:
მომხმარებელს უფლება აქვს პორტალის შინაარსი გამოიყენოს მხოლოდ პირადი, არაკომერციული მიზნებისთვის, მომსახურების მიღების ფარგლებში;
პორტალის მასალების ციტირება დასაშვებია მხოლოდ მცირე მოცულობით, წყაროს მითითებით და მმართველი კომპანიის ვებ-გვერდზე აქტიური ბმულის განთავსებით.
11.5. დარღვევის შედეგები:
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მმართველ კომპანიას უფლება აქვს:
მოითხოვოს დარღვევის დაუყოვნებელი შეწყვეტა;
მოითხოვოს დარღვევით მიყენებული ზარალის სრული ანაზღაურება, მათ შორის მიუღებელი შემოსავლის და რეპუტაციული ზარალის ჩათვლით;
მოითხოვოს იურიდიული ხარჯების ანაზღაურება;
მიმართოს სასამართლოს დარღვევის აღკვეთის, საკომპენსაციო და სადამსჯელო ზარალის მოთხოვნით;
შეწყვიტოს მომხმარებლის წვდომა პორტალზე წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
11.6. მესამე პირების ინტელექტუალური საკუთრება:
პორტალზე შესაძლოა განთავსდეს მესამე პირების სასაქონლო ნიშნები ან მასალები ინფორმაციული მიზნებისთვის;
ასეთი მასალები რჩება შესაბამისი მფლობელების საკუთრებაში;
მათი განთავსება არ გულისხმობს მმართველ კომპანიასა და აღნიშნულ მესამე პირებს შორის რაიმე პარტნიორული ან აფილირებული ურთიერთობის არსებობას.
12. ლიცენზია
12.1. წინამდებარე წესებზე თანხმობით მომხმარებელი იღებს უფასო, არაექსკლუზიურ, გადაუცემელ ლიცენზიას პორტალის გამოყენებაზე.
12.2. მომხმარებელს ეკრძალება:
პორტალის დეკომპილაცია, დაშლა (reverse engineering) ან კოდზე წვდომის სხვა გზით მოპოვება;
პორტალის მუშაობის ხელშეშლა ან არაავტორიზებულ მონაცემებზე წვდომის მცდელობა;
პორტალის გამოყენება არაკანონიერი მიზნებისთვის.
12.3. ანგარიშის გაუქმებისას ან წინამდებარე წესების დარღვევისას ლიცენზია ავტომატურად უქმდება.
13. წესებისა და პირობების ცვლილება
13.1. მმართველ კომპანიას უფლება აქვს ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები.
13.2. მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანისას მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას ელექტრონული ფოსტით ან პორტალზე განთავსებული შეტყობინებით.
13.3. პორტალის გამოყენების გაგრძელება ცვლილებების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ ნიშნავს მომხმარებლის თანხმობას განახლებულ წესებზე.
14. მოქმედი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
14.1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
14.2. პრეტენზიის წარდგენის ვადა:
მომხმარებელი ვალდებულია ნებისმიერი პრეტენზია ან საჩივარი წარადგინოს მომსახურების მიღებიდან (დეკლარაციის წარდგენიდან) არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა;
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი პრეტენზია არ განიხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი დაასაბუთებს, რომ ვადის გაშვება გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით;
მმართველი კომპანია ვალდებულია განიხილოს პრეტენზია და წერილობით უპასუხოს მომხმარებელს პრეტენზიის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში.
14.3. მხარეები შეეცდებიან ნებისმიერი დავა გადაწყვიტონ მოლაპარაკების გზით 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
14.4. არბიტრაჟი:
მოლაპარაკებით შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეებს უფლება აქვთ დავა გადასცენ არბიტრაჟს;
არბიტრაჟი ჩატარდება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში, მისი რეგლამენტის შესაბამისად;
არბიტრაჟის ენა იქნება ქართული;
არბიტრაჟის გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულო მხარეებისთვის.
14.5. მხარეებს ასევე უფლება აქვთ, არბიტრაჟის ნაცვლად, დავა განიხილონ საქართველოს საერთო სასამართლოებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქციით.
15. ფორსმაჟორი (დაუძლეველი ძალა)
15.1. ფორსმაჟორად ითვლება გარემოება, რომელიც წარმოიშვა მხარეთა ნების მიუხედავად, მათი კონტროლის მიღმა, და რომლის თავიდან აცილება ან აღმოფხვრა შეუძლებელი იყო გონივრული ზომების მიღებით. ფორსმაჟორულ გარემოებებს მიეკუთვნება:
ომი, საომარი მოქმედებები, შეიარაღებული კონფლიქტი, ტერორისტული აქტი;
სამოქალაქო არეულობა, მასობრივი საპროტესტო აქციები, გაფიცვა;
ბუნებრივი კატასტროფა (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ქარიშხალი და სხვა);
ეპიდემია, პანდემია, კარანტინი;
სახელმწიფო ორგანოების აქტები, რომლებიც შეუძლებელს ხდის ვალდებულებების შესრულებას (მათ შორის საერთაშორისო სანქციები, ემბარგო, საზღვრების დახურვა);
ელექტროენერგიის, კომუნიკაციების ან ინტერნეტის გრძელვადიანი გათიშვა;
სხვა გარემოებები, რომლებიც აღიარებულია ფორსმაჟორად საქართველოს კანონმდებლობით.
15.2. ფორსმაჟორული გარემოებების დადგომისას:
დაზარალებული მხარე ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა, წერილობით აცნობოს მეორე მხარეს ფორსმაჟორის დადგომის შესახებ;
ფორსმაჟორის პერიოდში ვალდებულებების შესრულება ჩერდება და მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან;
ფორსმაჟორის დასრულების შემდეგ მხარეები ვალდებულნი არიან განაახლონ ვალდებულებების შესრულება გონივრულ ვადაში.
15.3. თუ ფორსმაჟორული გარემოება გრძელდება 60 (სამოცი) კალენდარულ დღეზე მეტ ხანს, ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს შეწყვიტოს ურთიერთობა წერილობითი შეტყობინებით.
16. კონტაქტი
ნებისმიერი შეკითხვის, პრეტენზიის ან შენიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
შპს „იუ ელ სი ტერმინალ” ს/კ: 406351406 მისამართი: ქ. თბილისი ვებ-გვერდი: https://ulcterminal.ge/
ბოლო განახლება: 2025 წელი
წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით, გაიგეთ და სრულად ეთანხმებით აქ მოცემულ ყველა დანაწესს.